ორთოპედისა და ორთოდონტის რჩევა

ორთოპედის რჩევა

- კარგად შესრულებული ორთოპედიული ნამუშევარი (გვირგვინი, ხიდი, ვინირი, მოსახსნელი პროთეზი) უნდა აკმაყოფილებდეს  ესთეტიურ მოთხოვნას, ექვემდებარებოდეს სრულყოფილ წმენდას, არ იწვევდეს ღრძილების ფერშეცვლას, სისხლდენას და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში.

- კბილთა შორის უნდა აღინიშნებოდეს სათანადო კონტაქტი და არ უნდა იჭედებოდეს საკვები. თუ ფლოსი, კბილების ძაფი კბილებს შორის ადვილად ჩადის, იჩეჩება ან საერთოდ არ ტარდება, ეს ნიშნავს, რომ ნამუშევარი სრულყოფილად არაა შესრულებული და გირჩევთ მის თავიდან გაკეთებას.

- კბილების ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია მათი დროული აღდგენა. პირის ღრუში დარჩენილი კბილები დროდადრო დეფექტის მხარეს გადანაცვლდება, ამავდროულად ხდება მათი ცვეთა და გადატვირთვა ღეჭვის დროს, რაც თავის მხრივ კბილების ვადაზე ადრე დაკარგვას განაპირობებს.

- ხშირად უკბილობა  პირდაპირ კავშირშია კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ დაავადებებთან, რადგან უკბილობის გამო ვერ ხდება საკვების სრულყოფილი დაქუცმაცება. ამას თან ახლავს ყბის ძვლის განლევის დაჩქარებაც, რაც სამომავლოდ კბილების აღდგენისა და პროთეზის ფიქსაციისთვის არასაიმედო გარემოს ქმნის. გახსოვდეთ, დროული პროთეზირებით (გვირგვინები, ხიდები, ბიუგელები…)  ხანგრძლივი ვადით ვინარჩუნებთ პირის ღრუში დარჩენილ კბილებს.

 

ორთოდონტის რჩევა

- კბილების არასწორი დგომა, კბილთა მწკრივის დარღვევა და მათი არასწორი შეთანასოვნება ესთეტიურ დეფექტთან ერთად იწვევს მთელ რიგ გართულებებს:

- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პრობლემები (ანთება, ტკივილი, ხმაური პირის გაღების, ღეჭვისა და მეტყველების დროს);     

- კბილთა პათოლოგიური ცვეთა;

- ღრძილების ანთება;

- კარიესისა და  მისი გართულებების მაღალი რისკი (პულპიტი, პერიოდონტიტი).

ამ პრობლებების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმი ორთოდონტის დროულ ჩარევას მკურნალობის თვალსაზრისით.

- ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებას წინ უნდა უსწრებდეს პირის ღრუს სანაცია (კბილების პროფესიული გაწმენდა), რათა აპარატის ფიქსაცია სუფთა პირის ღრუში მოხდეს.

- სასურველია კარიესული კბილების მკურნალობა – დაბჟენა, რადგან მოუხსნელი აპარატით მკურნალობის მანძილზე, საჭიროების შემთხვევაში, ექიმისათვის მიუდგომელი არ გახდეს კბილის დაზიანებული უბანი.

- ყოველთვის არაა აუცილებელი რკალგარეშე მდგომი კბილების ამოღება, ექსტრაქციის გარეშეც შესაძლებელია კბილთა მწკრივის ჩასწორება.

და ბოლოს, დიდი მნიშვნელობა აქვს ორთოდონტიული მკურნალობის პერიოდში პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას, კბილების ხშირ გამოხეხვას პეციალური ორთოდონტიული ჯაგრულებით.

Comments are closed.